„როიტერი“ – თეთრი სახლის ყოფილი თანამშრომელი 172 539 დოლარით დაჯარიმდა, რადგან ტრამპის გამოსვლის ტექსტთან წინასწარი წვდომით უკანონო ფსონებს დებდა

15:26, 29.08.2026

აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ (CFTC) თეთრი სახლის ყოფილ თანამშრომელს, გაბრიელ პერესს უკანონო ვაჭრობისთვის 172 539 დოლარის გადახდა დააკისრა. გაბრიელ პერესს დონალდ ტრამპის გამოსვლის ტექსტთან წინასწარ ჰქონდა წვდომა და პროგნოზირების ბაზრის პლატფორმაზე უკანონო ფსონებს დებდა.

როგორც „როიტერი“ აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიაზე დაყრდნობით იტყობინება, პერესმა მიღებული 107 539 დოლარის ოდენობის მოგება უნდა დააბრუნოს, ხოლო 65 000 დოლარის ოდენობის სამოქალაქო ჯარიმა გადაიხადოს.

ამასთან, შეთანხმების ფარგლებში პერესმა თანხმობა განაცხადა, რომ სამი წლის განმავლობაში ვაჭრობაში მონაწილეობას არ მიიღებს და მომავალში აღარ დაარღვევს სასაქონლო ბირჟების შესახებ კანონს.

აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის განცხადებით, პერესმა 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის თებერვლამდე პერიოდში სავაჭრო პლატფორმა Kalshi-ზე დადო ფსონები იმის შესახებ, თუ რას იტყოდა ტრამპი საჯარო გამოსვლების დროს.

გამოძიების ინფორმაციით, პერესს ტრამპის გამოსვლების ტექსტებზე ჰქონდა წვდომა, კომისიის განცხადებით კი, პერესმა აღნიშნული ინფორმაცია საკუთარი ფინანსური სარგებლისთვის გამოიყენა.

მსგავსი