„როიტერი“ - თეთრი სახლის საკონტროლო პუნქტთან სროლაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა დაჭრეს, მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა
თეთრი სახლის საკონტროლო პუნქტთან სროლაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა დაჭრეს, მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა, – ამის შესახებ „როიტერი“ აშშ-ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიის ინფორმაციით, მამაკაცი თეთრი სახლის მახლობლად, მე-17 ქუჩისა და პენსილვანიის ავენიუს საკონტროლო პუნქტს მიუახლოვდა, ჩანთიდან იარაღი ამოიღო და ოფიცრების მიმართულებით სროლა დაიწყო. სამართალდამცველებმა კი საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ეჭვმიტანილი დაჭრეს.
ასევე, მედია აშშ-ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სროლის შედეგად შემთხვევითი გამვლელი დაიჭრა. დაშავებულის შესახებ დეტალები უცნობია, ასევე უცნობია, გამვლელი თავდამსხმელის სროლის დროს დაშავდა თუ საპასუხო ცეცხლის გახსნის დროს.
„როიტერის“ ინფორმაციით, სამართალდამცავი უწყების ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, ეჭვმიტანილი ემოციურად არასტაბილურ პირად გახლდათ მიჩნეული და მანამდე მის წინააღმდეგ „მიახლოების აკრძალვის“ ბრძანება იყო გაცემული. როგორც აშშ-ის საიდუმლო სამსახურში აცხადებენ, სამართალდამცველებს შორის არავინ დაშავებულა. უწყებამ ასევე დაადასტურა, რომ ინციდენტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში იმყოფებოდა.