„როიტერი“ - თეთრ სახლში აცხადებენ, რომ, სტივ უიტკოფის ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების მიუხედავად, აშშ რუსეთის წინააღმდეგ მეორად სანქციებს 8 აგვისტოს მაინც გამოაცხადებს
აშშ რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებას გეგმავს, რომელიც 8 აგვისტოს გამოცხადდება. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა „როიტერს“ განუცხადა.
როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრამ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კარგად ჩაიარა, თუმცა ვაშინგტონი მაინც გეგმავს მეორადი სანქციების დაწესებას.
„რუსები მზად არიან, გააგრძელონ ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. მოსალოდნელია, რომ მეორადი სანქციები მაინც დაუწესდება რუსეთს პარასკევს“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერთან“.
აშშ სანქციების დაწესებას რუსული ნავთობის მყიდველების მიმართ გეგმავს.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დღევანდელი შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. როგორც შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, სადაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.