„როიტერი“ - სირიის ხელისუფლებამ გააკრიტიკა აშშ-ის გადაწყვეტილება, რომლითაც ვაშინგტონი დაუშვებს გარკვეულ უცხოურ ინვესტიციებს სირიის ჩრდილოეთ რაიონებში
„როიტერი“ - სირიის ხელისუფლებამ გააკრიტიკა აშშ-ის გადაწყვეტილება, რომლითაც ვაშინგტონი დაუშვებს გარკვეულ უცხოურ ინვესტიციებს სირიის ჩრდილოეთ რაიონებში

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა აშშ-ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ოფიციალური ვაშინგტონი დაუშვებს გარკვეულ უცხოურ ინვესტიციებს სირიის ჩრდილოეთ რაიონებში, რომლებშიც ოფიციალური დამასკო კონტროლს ვერ ახორციელებს. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

ამავდროულად, მიღებული გადაწყვეტილება არ უშვებს რაიმე სახის ტრანზაქციას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობის ან იმ სხვა სუბიექტების მიმართ, რომლებიც აშშ-ის მხრიდან „შავ სიაში“ არიან შეყვანილი.

გუშინ, 12 მაისს, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა დაამტკიცა აქტივობების განხორციელება 12 სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და ფინანსების ჩათვლით, რათა ეკონომიკური სტაბილიზაციის გზით ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სრულად დამარცხება მოხდეს.

დღეს გაკეთებულ განცხადებაში ოფიციალური დამასკოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ სირია ამ „ახალ შეთქმულებას დაამარცხებს“ და აქვე, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილებში მცხოვრებ ხალხს მოუწოდა, „არ მიიღოს ის“. განცხადების მიხედვით, ეს არის სირიის მიმართ ოფიციალური ვაშინგტონის „დესტრუქციული მიდგომის“ ნაწილი.

დღევანდელი მოცემულობით, სირიის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილები თურქეთის მიერ მხარდაჭერილ მეამბოხე ძალებს უკავიათ, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ ძირითადად აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი „სირიის დემოკრატიული ძალები“ აკონტროლებენ.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიებზე სირიის ნავთობის მარაგის დიდი ნაწილის და ხორბლის წარმოება ხდება, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი ყოველთვის იყო სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული ზონა.

აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნავთობპროდუქტების, მაგალითად ბენზინის შეძენის უფლებას იძლევა, მაგრამ კრძალავს ტრანზაქციებს ოფიციალურ დამასკოსთან ან „შავ სიაში“ მყოფ სუბიექტებთან, ან სირიის ნავთობპროდუქტების იმპორტს შეერთებულ შტატებში.

მედიის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირების მიდგომით, ამ ტიპის ეკონომიკური აქტივობის წამოწყება შეაფერხებს „ისლამური სახელმწიფოს“ ნაწილების მცდელობებს, მოახდინონ ახალი წევრების რეკრუტირება.