„როიტერი“ - სერბეთში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დაშავებულია 11 პოლიციელი
სერბეთში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, შეტაკებების დროს 11 პოლიციელი დაშავდა.
ათასობით მომიტინგე ნოვი სადში შეიკრიბა, ქალაქში, სადაც 2024 წლის პირველ ნოემბერს სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები ტრაგედიის მიზეზად კორუფციას, დაუდევრობას და უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ასახელებენ, რაც, მათი თქმით, გამოწვეულია სერბეთის ხელისუფლებაში არსებული ნეპოტიზმით.
სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსთან აქცია თავდაპირველად მშვიდობიანად მიმდინარეობდა. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „არ გვინდა ბლოკადა, გვინდა არჩევნები!“, „სტუდენტებს აქვთ ერთი მოთხოვნა – დანიშნეთ არჩევნები!“. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ვუჩიჩ, წადი!“
ამის შემდეგ სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება დაიწყო. პოლიციამ ნოვი სადის უნივერსიტეტის კამპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ცნობისთვის, სერბეთში, უკვე ათი თვეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 2025 წლის იანვარში აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა. ახალი მთავრობის მეთაური გახდა მედიცინის დოქტორი ჯურო მაცუტი, რომლის კანდიდატურაც პოსტზე სერბეთის პრეზიდენტმა წარადგინა.