„როიტერი“ – სამხრეთ აფრიკაში მიგრაციის საწინააღმდეგო პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა, აქტივისტებმა მანქანები დაწვეს, ისმოდა სროლის ხმაც

22:47, 08.10.2026

სამხრეთ აფრიკაში მიგრაციის საწინააღმდეგო პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა, აქტივისტებმა მანქანები დაწვეს, ისმოდა სროლის ხმაც.

„როიტერის“ ინფორმაციით, დემონსტრაციები სამხრეთ აფრიკის ქალაქებში, დურბანსა და იოჰანესბურგში გაიმართა. დურბანში არეულობა მას შემდეგ მოხდა, რაც აქტივისტებმა ლტოლვილთა ცენტრისთვის თავშესაფრის განაცხადების დამუშავების შეჩერება მოითხოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ დაახლოებით 10 მანქანა გადააბრუნეს და დაწვეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული მაღაზიები გაძარცვეს.

ცნობისთვის, წელს სამხრეთ აფრიკაში მიგრაციის საწინააღმდეგო დემონსტრაციები რამდენჯერმე გაიმართა. ზოგიერთი მსვლელობა ძალადობასა და ძარცვაში გადაიზარდა. ადგილობრივები სამხრეთ აფრიკაში მყოფ მიგრანტებს ხშირად ადანაშაულებენ სამუშაო ადგილების დაკარგვასა და კრიმინალის გაზრდაში. 2026 წლის 30 ივნისს ადგილობრვებმა დოკუმენტების არმქონე მიგრანტებს ქვეყნის დატოვების „ბოლო ვადა“ დაუწესეს. მსვლელობების უმეტესობა მშვიდობიანი იყო, მაგრამ ზოგიერთ ქალაქში ძალადობა და ძარცვა მოხდა, 900-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მინიმუმ, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 150 000-ზე მეტმა უცხოელმა კი ქვეყანა დატოვა.

სამხრეთ აფრიკაში ძირითადად მალაველი, ზიმბაბველი, მოზამბიკელი, ნიგერიელი და სომალელი მიგრანტები ცხოვრობენ.

მსგავსი