„როიტერი“ - რუსულმა „გაზპრომბანკმა“ ვენესუელას ენერგოკომპანიას ანგარიშები გაუყინა
რუსულმა ფინანსურმა გიგანტმა „გაზპრომბანკმა“ ვაშინგტონის მიერ სანქცირებულ ვენესუელას სახელმწიფო ენერგოკომპანია „პი დი ვი ეს ეის“ ანგარიშები გაუყინა და მასთან მიმდინარე ტრანზაქციები შეაჩერა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ვარაუდით, ეს ნაბიჯი რუსულმა ბანკმა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია და აქტივების მოცულობით, სიდიდით რუსეთის მესამე ბანკია, იმის გამო გადადგა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სანქციები არ გაუორმაგდეს.
როგორც ცნობილია, 2014 წელს კრემლის მიერ ყირიმის ოკუპაციის საპასუხოდ, დასავლეთმა რუსეთზე ეკონომიკური სანქციები დააწესა, რომელიც პირველ რიგში ნავთობისა და გაზის სფეროში მოქმედ სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებსა და მათან დაკავშირებულ ბანკებს ეხება. „გაზპრომბანკი“ კრემლის მფლობელობაშია, ხოლო მისი აქციების 35 პროცენტზე მეტს რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი“ ფლობს.
თეთრმა სახლმა 2019 წლის დასაწყისში ვენესუელას პოლიტიკურ კრიზისში მხარი ოპოზიციონერ ლიდერს, ხუან გუაიდოს დაუჭირა. ვაშინგტონმა ვენესუელას ნავთობისა და გაზის ექსპორტიორ უმსხვილეს კომპანიას სანქციები მიზნით დაუწესა, რომ მოქმედ პრეზიდენტ მადუროს ქვეყანაში ნავთობის ექსპორტით მიღებულ შემოსავლებზე წვდომა შეეზღუდოს.
სანქციების შემდეგ „პი დი ვი ეს ეისთან“ ურთიერთობა მრავალმა უცხოურმა კომპანიამ შეწყვიტა. თუმცა, კრემლის საკუთრებაში არსებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ კრემლის მოკავშირედ ცნობილი ვენესუელას ენერგო-გიგანტისთვის მომსახურების შეჩერება დასავლეთის ანალიტიკოსებმა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნიეს.
„როიტერი“ ხაზს უსვამს, რომ კრემლი ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ყველაზე დიდი მხარდამჭერია.
რუსული კომპანიები ძირითადად, კრემლის ხაზს მისდევენ და ვენესუელელ პარტნიორებთან კავშირს ოფიციალურად ინარჩუნებდნენ.
მიმდინარე თვის დასწყისში „როიტერმა“ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „პი დი ვი ეს ეი“ მისი მონაწილეობით შექმნილი ერთობლივი საწარმოების კლიენტებს ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებული პროცედურების გადატანას „გაზპრომბანკის“ ანაგრიშებზე სთავაზობდა. სანქცირებული კომპანია ამ გზით თეთრი სახლის სანქციების გვერდის ავლას ცდილობდა.
თუმცა, თავად რუსეთზე მოქმედი ეკონომიკური სანქციების გამო, რუსული კომპანიები ორმაგი სანქცირების რისკის წინაშე დგანან. „როიტერის“ ვარაუდით, სწორედ ამ რისკის შემცირება სცადა „გაზპრომბანკმა“ ვენესუელელი პარტნიორისთვის ანგარიშების გაყინვით.
„პი დი ვი ეს ეის“ ანგარიშები გაყინულია. როგორც გესმით, ოპერაციების განხორციელება შეუძლებელია,“ განუცხადა ანონიმურმა წყარომ „როიტერს“. თუმცა, „გაზპრომბანკმა“ ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა.
რაც შეეხება ვენესუელას ენერგოკომპანიას, მან სოციალური ქსელის, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე „როიტერის“ ინფორმაციას „ყალბი ნიუსი“ უწოდა და ოფიციალური კომენტარის თხოვნას პასუხი არ გასცა.