„როიტერი“ - რუსეთში უკანონო ექსპორტის ბრალდებით, ნიდერლანდებში სამი ადამიანი დააკავეს
„როიტერი“ - რუსეთში უკანონო ექსპორტის ბრალდებით, ნიდერლანდებში სამი ადამიანი დააკავეს

ნიდერლანდებში რუსეთში უკანონო ექსპორტის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლით, საერთაშორისო კონტრაბანდის ქსელში ჩართული სამი ადამიანი ტექნოლოგიური და ლაბორატორიული აღჭურვილობის უკანონო ექსპორტის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული აღჭურვილობა შეიძლება, გამოეყენებინათ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მიზნებისთვის. ასეთი სახის ექსპორტი ევროკავშირის მიერ დადებული სანქციების შემდეგ უკანონოა.

ჰოლანდიის მთავრობაში განაცხადეს, რომ მათ მიერ აღმოჩენილი საერთაშორისო ქსელი ჰოლანდიაში რეგისტრირებული სავაჭრო კომპანიის გარშემო მოქმედებდა.

გამომძიებლების თქმით, კომპანიამ იყიდა აღჭურვილობა ევროპაში და გაიტანა რუსეთში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების გავლით.

ჰოლანდიის ხელისუფლების განცხადებით, ოპერაციას მხარს უჭერდა ევროპული საპროცესო ორგანო „ევროჯასტი“.

როგორც „როიტერი“ წერს, ეჭვმიტანილები დაკითხეს გერმანიაში, ლატვიაში, ლიეტუვასა და კანადაში.