„როიტერი“ - რუსეთმა სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ იდლიბის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა
„როიტერი“ - რუსეთმა სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ იდლიბის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა

რუსეთმა სირიის ჩრდილოეთით ქალაქ იდლიბის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, რუსულმა „სუხოის“ ტიპის ბომბდამშენებმა სირიის ჩრდილოეთით, ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ქალაქ იდლიბთან მდებარე რამდენიმე დასახლებული პუნქტი და წყლის სატუმბავი სადგური დაბომბეს.

დაბომბვის შედეგად სატუმბავი სადგური დაზიანდა, რის გამოც ქალაქ იდლიბს წყალმომარაგება შეუწყდა.

გაერო-ს ოფიციალურმა პირმა დაადასტურა წყლის სატუმბი სადგურის დაზიანების ფაქტი და განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმები უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. მისი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები უნდა შეწყდეს.

ამასთან, როგორც მედია წერს, ადგილობრივი სამოქალაქო თავდაცვის სამსახურში განაცხადეს, რომ დაბომბვების შედეგად დასახლება ჯისრ ალ შუქურში ორი ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა, ათზე მეტი პირი კი დაიჭრა.

სამსახურის ოფიციალური პირის თქმით, რუსეთი ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური რესურსების განადგურებაზეა ფოკუსირებული. ასევე, თვითმხილველების ინფორმაციით, დაბომბვების შედეგად განადგურებულია მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმები.

სააგენტოს ინფორმაციით, საჰაერო იერიშები სირიის ჩრდილოეთით გასული წლის ნოემბრის თვის შემდეგ არ განხორციელებულა.