„როიტერი“ – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის მიერ შავ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმები გაუგებარია და მათი შეჩერებისთვის ზომების მიღებაა საჭირო

09:18, 24.09.2026

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის მიერ შავ ზღვაში კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმები გაუგებარია და მათი შეჩერებისთვის ზომების მიღებაა საჭირო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს უკრაინასა და რუსეთს შორის ომის ხანგრძლივი მშვიდობით დასრულებისთვის და პირდაპირი მოლაპარაკებების აღსადგენად. მისი თქმით, შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო და მხარეებმა პასუხისმგებლიანად უნდა იმოქმედონ.

შეხვედრაზე განცხადება გაავრცელა ზელენსკიმაც. მისი თქმით, ერდოღანთან შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საზღვაო საექსპორტო დერეფნის მუშაობის საკითხები განიხილეს.

„განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი, უპირველესად, როგორ უნდა უზრუნველვყოთ საზღვაო საექსპორტო დერეფნის ფუნქციონირება. ფაქტობრივად, ყველა კონტინენტზე არიან ქვეყნები, რომლებიც ჩვენს სურსათის ექსპორტზე არიან დამოკიდებული. ამჟამად მაგიდაზე დევს სხვადასხვა ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება დერეფნის სრულად აღდგენა. ამისთვის საჭიროა მხოლოდ რუსეთის მზადყოფნა, შეწყვიტოს ჩვენს ინფრასტრუქტურაზე ტერორისტული თავდასხმები, რათა უკრაინამ, თავის მხრივ, შორ მანძილზე განხორციელებული საპასუხო დარტყმები შეაჩეროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი