„როიტერი“ - ქვეყნის არჩევნებში ჩინეთის შესაძლო ჩარევის ცნობების ფონზე, კანადის მთავრობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად მუშაობას იწყებს
„როიტერი“ - ქვეყნის არჩევნებში ჩინეთის შესაძლო ჩარევის ცნობების ფონზე, კანადის მთავრობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად მუშაობას იწყებს

ქვეყნის არჩევნებში ჩინეთის შესაძლო ჩარევის ცნობების ფონზე, კანადის მთავრობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად მუშაობას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს მე ვაცხადებ კონსულტაციების დაწყებას, რათა განისაზღვროს, როგორ შევქმნათ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ახალი რეესტრი კანადაში“, – განუცხადა კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, მარკო მენდიჩინომ მედიას.

მისი თქმით, ინიციატივის ერთი მიზანი იქნება უცხო ქვეყნების კანონიერ ლობირებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობის ხელშეწყობა. ამგვარი რეესტრის არსებობის შემთხვევაში, პირები, რომლებიც მოქმედებენ უცხოური სახელმწიფოს სახელით, თავიანთი მიზნების მისაღწევად, ვალდებული იქნებიან, გაასაჯაროონ თავიანთი კავშირები მათ დამსაქმებელ მთავრობასთან.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მსგავსი რეესტრები აქვთ აშშ-სა და ავსტრალიას.

კანადის მთავრობამ რეესტრზე მუშაობის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ადგილობრივ მედიაში სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩინეთი კანადის 2021 და 2019 წლების არჩევნებში ჩარევას ცდილობდა. ჩინეთი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ და კანადის სპეცსამსახურებმა გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს. საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ტრიუდომ გასულ ორშაბათს განაცხადა, ის დანიშნავს სპეციალურ გამომძებელს ჩინეთის მხრიდან არჩევნებში შესაძლო ჩარევის საკითხზე სამუშაოდ.

აღსანიშნავია, რომ კანადის მთავრობის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც მოუწოდებს კანადის საზოგადოებრივ ჯგუფებს, ჩაერთონ კონსულტაციებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის საკითხთან დაკავშირებით. მთავრობა კონსულტაციებში ჩართვისკენ მოუწოდებს აკადემიურ წრეებს, იურისტებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და დიასპორებს.