„როიტერი“ - პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 65 წლამდე ასაკის ადამიანებშია მიზანშეწონილი
„როიტერი“ - პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 65 წლამდე ასაკის ადამიანებშია მიზანშეწონილი

პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება 65 წლამდე ასაკის ადამიანებშია მიზანშეწონილი. პორტუგალია ერთ-ერთია იმ ევროპულ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ეჭვი გამოთქვეს ხანდაზმულებში ვაქცინის ეფექტურობის შესახებ. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ აღნიშნული მიზეზით 65 ან მეტი წლის ადამიანებში იმუნიზაციის პროცესი იმ შემთხვევაში არ უნდა გადაიდოს, თუ „ასტრაზენეკა“ ერთადერთი ხელმისაწვდომი ვაქცინა იქნება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე პორტუგალიაში კორონავირუსის 765 414 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, პანდემიამ 14 158 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პორტუგალიაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი 42 300 დოზა 7 თებერვალს ჩაიტანეს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პორტუგალიას მხოლოდ „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ ვაქცინის 390 ათასი, ხოლო „მოდერნას“ ვაქცინის 19 200 დოზა აქვს მიღებული.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, გერმანიამ, საფრანგეთმა, ავსტრიამ და ნორვეგიამ განაცხადეს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მხოლოდ 65 წელს ქვემოთ მყოფ ადამიანებს გაუკეთებენ. პოლონეთის მიერ დაწესებული ზედა ასაკობრივი ზღვარი 60 წელია. ესპანეთსა და იტალიაში კი ვაქცინით 55 წლამდე ადამიანები აიცრებიან.