„როიტერი“ - პოლონეთის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაულებში სდებენ ბრალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებით ბინადრობის უფლება მიიღო და აშშ-ში გაემგზავრა
„როიტერი“ - პოლონეთის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაულებში სდებენ ბრალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებით ბინადრობის უფლება მიიღო და აშშ-ში გაემგზავრა

პოლონეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზბიგნევ ჟიობრო, რომელსაც პოლონეთში რიგ სისხლის სამართლის დანაშაულებში სდებენ ბრალს, უნგრეთიდან, სადაც მან ადრე თავშესაფარი მიიღო, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებით. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლონეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ჟიობრო აშშ-ში იმყოფება, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა კი ყოფილი მინისტრისთვის შეერთებულ შტატებში ბინადრობის უფლების მინიჭებას „შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება“ უწოდა.

მანამდე პოლონეთიდან გაქცეული ყოფილი მინისტრის აშშ-ში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებმა გაავრცელეს.

მოგვიანებით ეს თავად ჟიობრომაც დაადასტურა და განაცხადა, რომ მუშაობა დაიწყო ჟურნალისტად პოლონურ ტელეარხზე TV Republika, რომელიც მემარჯვენე-კონსერვატიულ წრეებთან არის დაკავშირებული.

როგორც მედია წერს, ჟიობრომ უნგრეთი მაისის დასაწყისში დატოვა, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლამდე ცოტა ხნით ადრე. ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ მინისტრის პოსტზე პეტერ მადიარმა შეცვალა, რომელმაც ჟიობროს პოლონეთში ექსტრადიცია დააანონსა.

როგორც „როიტრი“ წერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ გასცა განკარგულება, რომ ჟიობროსთვის შეერთებულ შტატებში შესასვლელად საჭირო ვიზა გაეცათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტის ვიზა მიიღო. უნგრეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის აშშ-ში პირდაპირ ბუდაპეშტიდან არ გაფრენილა და, სავარაუდოდ, ჯერ ევროკავშირის სხვა ქვეყანაში გაემგზავრა, შემდეგ კი აშშ-ში ჩავიდა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოფილი მინისტრისთვის ვიზის გაცემის საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

ცნობისთვის, ჟიობრო მემარჯვენე-კონსერვატიული პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ წარმომადგენელი და პოლონეთის მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტია. ის აცხადებს, რომ მისი დევნა პოლიტიკურადაა მოტივირებული.

პოლონეთის ხელისუფლების მტკიცებით, ჟიობროს წინააღმდეგ წარდგენილია 26 ბრალდება, რომლებიც თაღლითობასა და სხვა ფინანსურ დანაშაულებს უკავშირდება. მათ შორის, მას ედავებიან ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხების Pegasus-ის სისტემის შესაძენად დახარჯვას. გავრცელებული ინფორმაციით, ეს სისტემები პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალისთვის გამოიყენებოდა.

„როიტერის“ ცნობით, პოლონეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ როუზმა განაცხადა, რომ ჟიობროს მისი კონსერვატიული შეხედულებების გამო დევნიან და ლანდაუს დახმარება სთხოვა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.