„როიტერი“ - პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეტმა მომავალ კვირას ვირჯინიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მოითხოვა
პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა მომავალ კვირას ვირჯინიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ხუთმა ანონიმურმა წყარომ გამოცემას აცნობა, შეხვედრა, სავარაუდოდ, ვირჯინიის შტატის ქალაქ კვანტიკოში მდებარე სამხედრო ბაზაზე გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, შეკრების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ორი ოფიციალური პირის თქმით, ამან გაურკვევლობა გამოიწვია, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში, სამხედრო მაღალჩინოსნები ათასობით ჯარისკაცს ხელმძღვანელობენ, მათი გრაფიკი წინასწარ, კვირების განმავლობაში არის გაწერილი, რაც ახლა უნდა შეიცვალოს.
„გაურკვეველია, რამდენი ოფიციალური პირი დაესწრება შეხვედრას, თუმცა იშვიათია, რომ ამდენი მაღალი რანგის ოფიციალური პირი ერთდროულად ერთ ოთახში იყოს“, – აღნიშნა ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ.
პენტაგონის წარმომადგენელმა, შონ პარნელმა დაადასტურა, რომ ჰეგსეტი „მომავალი კვირის დასაწყისში თავის უფროს სამხედრო ხელმძღვანელებს მიმართავს“. თუმცა, კონკრეტულ შეკითხვებს შეხვედრის მიზნის ან იმის შესახებ, ეხებოდა თუ არა დირექტივა სამხედრო სამსახურში მყოფ ყველა გენერალსა და ოფიცერს, პარნელმა არ უპასუხა.