„როიტერი“ - ნავთობის წარმოების შემცირებაზე უარის შემთხვევაში, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს აშშ-ის სამხედრო ძალების ქვეყნიდან გამოყვანით ემუქრებოდა
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საუდის არაბეთს რუსეთთან ნავთობის ფასზე ომის შეწყვეტის მიზნით ულტიმატუმი წაუყენა.
სააგენტოს წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს ტელეფონით ესაუბრა და აუწყა, რომ თუ ოპეკი (OPEC) ნავთობის წარმოებას არ შეამცირებდა, ტრამპი ვერაფერს გახდებოდა იმ კანონმდებლების წინაშე, რომლებიც საუდის არაბეთიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გამოყვანას აუცილებლად მოითხოვდნენ.
„როიტერი“ წერს, რომ 75-წლიანი სტრატეგიული ალიანსის დასრულების მუქარა, რომელიც საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო, აშშ-ის მხრიდან საუდის არაბეთზე ზეწოლის მთავარი იარაღი გახდა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ნავთობის წარმოების შემცირებაზე გარდამტეხი გლობალური შეთანხმება რეალობად აქცია, ხოლო თეთრ სახლს დიპლომატიური გამარჯვება მოუტანა.
როგორც „როიტერის“ წყარო აცხადებს, საუდის არაბეთის ლიდერი იმდენად გაოცებული იყო ტრამპის ულტიმატუმით, რომ თავის თანაშემწეებს ოთახის დატოვება სთხოვა საუბრის განმარტოებით გასაგრძელებლად.
ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა 1945 წლიდან დაიწყო, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი საუდის არაბეთის მეფეს, აბდულ აზიზ იბნ საუდს შეხვდა, სადაც ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საუდის არაბეთის ნავთობის მარაგებზე წვდომის სანაცვლოდ, აშშ ქვეყნის სამხედრო დაცვას უზრუნველყოფდა. დღეისათვის საუდის არაბეთში 3000 ამერიკელი სამხედროა, ხოლო აშშ-ის მეხუთე საზღვაო ფლოტი რეგიონიდან ნავთობის ექსპორტს იცავს.