„როიტერი“ – ნატო-ს ქვეყნებმა არქტიკაში რუსეთის მიერ წყალქვეშა კაბელების განადგურების ახალი ტექნოლოგიის გამოცდა ჩაშალეს
„როიტერის“ ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა, ნორვეგიამ და შეერთებულმა შტატებმა 2026 წლის გაზაფხულზე შპიცბერგენის არქიპელაგთან რუსეთის მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები ჩაშალეს.
წვრთნების მონაწილეები წყალქვეშა კაბელების მწყობრიდან გამოსაყვანად ახალი საიდუმლო ტექნოლოგიის გამოცდას ატარებდნენ.
„როიტერის“ ინფორმაციით, ოპერაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ღრმაწყლოვანი კვლევების მთავარი სამმართველო ატარებდა. რუსი სამხედროები ღრმაწყლოვანი აპარატების გამოყენებით იმ ტექნოლოგიის გამოყენებას იმიტაციას ახდენდნენ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება კრიტიკული მნიშვნელობის წყალქვეშა კაბელების ისე დაზიანება, რომ დივერსიის კვალი არ უნდა დარჩეს.
წყაროებმა არ გაამჟღავნეს, კონკრეტულად როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია.
„როიტერის“ მიხედვით, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიისა და შეერთებული შტატების ძალები რუსულ გემებს აკვირდებოდნენ და მათ წვრთნების დასრულების საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ რუსულმა გემებმა ტერიტორია დატოვეს. სააგენტოს ცნობით, არცერთი კაბელი არ დაზიანებულა. სააგენტოს წყაროების განცხადებით, მოსკოვი ამ ტექნოლოგიის გამოყენებას ნატო-სთან შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში გეგმავს.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადეს, რომ არქტიკაში რუსეთის საიდუმლო ოპერაცია აღმოაჩინეს. თუმცა მანამდე უცნობი იყო, რომ ეს ოპერაცია ახალი ტექნოლოგიის გამოცდას უკავშირდებოდა.
ბრიტანეთისა და ნორვეგიის ხელისუფლებამ მოსკოვს მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია გადასცა, რათა ეჩვენებინა, რომ ოპერაცია გამოვლენილი იყო.
„ჩვენ მკაფიო სიგნალი გავუგზავნეთ რუსეთს: მას ფარულად მოქმედება არ შეუძლია“, – განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ტორე სანდვიკმა.
როგორც ცნობილია, შპიცბერგენის არქიპელაგს ნორვეგიის კონტინენტურ ნაწილთან ორი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი აკავშირებს, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 1 400 კილომეტრია. ზოგიერთ მონაკვეთზე ისინი 2 700 მეტრამდე სიღრმეზე გადის. ამ კაბელებით მონაცემები გადაიცემა მსოფლიოში ყველაზე დიდ სახმელეთო სატელიტური სადგურიდან, SvalSat-იდან, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (ნასას) ქსელში შედის. წყალქვეშა კაბელები ასევე უზრუნველყოფს გლობალური ინტერნეტის, საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ფინანსური სისტემების მუშაობას.
როგორც „როიტერი“ წერს, ამერიკელი სადაზვერვო ოფიცრების ნაწილი შიშობს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, სცადოს ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის, ანუ კოლექტიური თავდაცვის პრინციპის მოქმედების გამოცდა. წყალქვეშა კაბელების დაზიანება კი ასეთი ოპერაციის ნაწილი გახდება.