„როიტერი“ - მამაკაცი, რომელსაც ვისკონსინში ხალხში მანქანით განზრახ შევარდნა ედება ბრალად, ოჯახური ძალადობის საქმეზე გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული
მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება ვისკონსინში საშობაო აღლუმზე ხალხში მანქანით განზრახ შევარდნა, ოჯახური ძალადობის საქმეზე გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მამაკაცი ასევე ეჭვმიტანილია საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის დღეს კიდევ ერთ ძალადობრივ საქმეში მონაწილეობაში. 39 წლის დერელ ბრუკსი უოკეშაში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი შემთხვევის მახლობლად დააკავეს.
ვისკონსინის შტატში, ქალაქ უოკეშაში საშობაო აღლუმის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი ადამიანი, 48 კი დაშავდა. დაშავებულთაგან ექვსი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია.
უოკეშას პოლიციის უფროსი დანიელ ტომპსონი აცხადებს, რომ თავდასხმის მოტივი ჯერ კიდევ დაუდგენელია, თუმცა აშკარაა, რომ ეჭვმიტანილი განზრახ მოქმედებდა. ამასთან, ხელისუფლებამ საქმეში ტერორიზმი გამორიცხა.
დაკავებულ დერელ ბრუკს კრიმინალური წარსული ჰქონდა. ის ბოლოს ციხიდან ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ, 11 ნოემბერს გათავისუფლდა. მას 5 ნოემბერს ოჯახური ძალადობის საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალად წარუდგინეს პოლიციის ოფიცრისთვის ხელის შეშლა, ფიზიკური ძალადობა, მუქარა და ხულიგნობა. კვირას საშობაო აღლუმზე მომხდარი შემთხვევის დროს პოლიციამ ასეცე მიიღო საჩივარი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელშიც ბრუკსიც მონაწილეობდა.