„როიტერი“ - ლიეტუვის გავლით რუსეთის ექსკლავ კალინინგრადთან ვაჭრობა შესაძლოა, რამდენიმე დღეში აღდგეს
„როიტერი“ - ლიეტუვის გავლით რუსეთის ექსკლავ კალინინგრადთან ვაჭრობა შესაძლოა, რამდენიმე დღეში აღდგეს

ლიეტუვის გავლით რუსეთის ექსკლავ კალინინგრადთან ვაჭრობა შესაძლოა, რამდენიმე დღეში აღდგეს. ამის შესახებ „როიტერი“ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

გავრცელებული ცნობით, ევროპელი ოფიციალური პირები ბალტიისპირეთის სახელმწიფოსთან კომპრომისული შეთანხმებისკენ მიისწრაფვიან მოსკოვთან უთანხმოების განმუხტვის მიზნით.

კალინინგრადთან ლიეტუვის გავლით რუსული სარკინიგზო და საავტომობილო საშუალებებით ვაჭრობა 17 ივნისს, სანქციების გამო შეწყდა. „როიტერის“ ცნობით, ევროპელი ოფიციალური პირები აწარმოებენ მოლაპარაკებებს ტერიტორიის სანქციებისგან გათავისუფლების შესახებ, რაც გზას გაუხსნის შეთანხმებას ივლისის დასაწყისში.

გამოცემის ინფორმაციით, არსებული ვითარება აძლიერებს ესკალაციის შიშებს მას შემდეგ, რაც სხვა შეზღუდვებმა აიძულა რუსეთი, საგარეო ვალის დეფოლტი გამოეცხადებინა. ერთ-ერთი დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, თუ არ აღდგება კალინინგრადისკენ რუსული საქონლის ტრადიციული მარშრუტი ჯერ მისი მოკავშირე ბელარუსის, შემდეგ კი ლიეტუვის გავლით, ბალტიისპირეთის სახელმწიფო შიშობს, რომ მოსკოვს შეუძლია, გამოიყენოს სამხედრო ძალა თავის ტერიტორიაზე სახმელეთო დერეფნის გასაკეთებლად.

„ჩვენ რეალობას უნდა შევხედოთ. პუტინს გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე – ჩვენ. კომპრომისის პოვნა ჩვენს ინტერესებშია“, – განუცხადა წყარომ „როიტერს“.

ამასთან, რუსეთის ფედერალური საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ჯაბაროვი აცხადებს, რომ კალინინგრადის ოლქის ბლოკადამ შესაძლოა, რუსეთს და ლიეტუვას შორის შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვიოს.

„თუ ეს მოხდება, მაშინ საკითხი შესაძლოა, შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივიდეს. და სიმართლე უნდა ვთქვათ. ჩვენი კონსტიტუციის მე-4 მუხლის მიხედვით, რუსეთის სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი ტერიტორია და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. თუ ჩვენ ვიგრძნობთ, რომ ეს უსაფრთხოება ირღვევა და გვემუქრება ტერიტორიის დაკარგვა, მაშინ, რა თქმა უნდა, მივიღებთ უკიდურეს ზომებს და ვერაფერი შეგვაჩერებს“, – განაცხადა ჯაბაროვმა.

მისი თქმით, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, როდესაც განაცხადა, რომ არ წავა კომპრომისზე კალინინგრადის ოლქში ტრანზიტთან დაკავშირებით, მოქმედებდა ორი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ბრძანებით, რადგან მათ ძალიან სურთ, რომ რუსეთი რომელიმე კონფლიქტში ჩაერთოს.