„როიტერი“ - „კრედიტ სუისი“ დათანხმდა, გადაიხადოს 495 მილიონი დოლარი აშშ-ში აღძრული საქმის დასარეგულირებლად
„როიტერი“ - „კრედიტ სუისი“ დათანხმდა, გადაიხადოს 495 მილიონი დოლარი აშშ-ში აღძრული საქმის დასარეგულირებლად

შვეიცარიული ბანკი „კრედიტ სუისი“ დათანხმდა, გადაიხადოს 495 მილიონი დოლარი აშშ-ში მის წინააღმდეგ აღძრული საქმის მოსაწესრიგებლად. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ეს არის ბოლო ანაზღაურება, რომელიც უკავშირდება წარსულში დაშვებულ შეცდომებს, რომლებმაც შელახეს შვეიცარიული ბანკის რეპუტაცია.

კრედიტ სუისმაგანაცხადა, რომ გადაიხდის კომპენსაციას ნიუ-ჯერსის გენერალური პროკურატურის მიერ აღძრული საქმის დასარეგულირებლად, რომელიც 2008 წლამდე ბანკის იპოთეკური ობლიგაციების ბიზნესს უკავშირდება.

ნიუ-ჯერსის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, ბანკმა ინვესტორები შეცდომაში შეიყვანა და იპოთეკური ობლიგაციების შეთავაზებისა და გაყიდვებისას დაკავებული იყო თაღლითობით ან სიცრუით. 2013 წელს აღძრული საქმის ფარგლებში პროკურატურა შვეიცარიული ბანკისგან ზარალის ასანაზღაურებლად სამ მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვდა.

ბანკში აცხადებენ, რომ შეთანხმების მიღწევით მოხარულნი არიან.

„დარეგულირება, რომლისთვის „კრედიტ სუისს“ სახსრები დარეზერვებული აქვს, არის კიდევ ერთი ნაბიჯი ბანკის ძალისხმევაში, აქტიურად დაარეგულიროს სასამართლო და მემკვიდრეობითი საკითხები“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

კრედიტ სუისის“ თავმჯდომარემ, აქსელ ლემანმა გასულ კვირას ბანკის რეფორმირების პირობა დადო „საშინელი“ 2021 წლის შემდეგ, როდესაც ბანკმა მილიარდობით დოლარი დაკარგა.

როგორც „როიტერი“ წერს, შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკი ცდილობს, აღდგეს სკანდალების სერიის შემდეგ, რომელთა შორისაა გასულ კვირას საინვესტიციო კომპანიის Archegos-ის დაშლის შემდეგ ხუთი მილიარდი დოლარის დაკარგვა. ბანკს მოუწია კაპიტალის გაზრდა, აქციების გამოსყიდვის შეწყვეტა და დივიდენდების შემცირება, თუმცა აღდგენის ძალისხმევა შეაფერხა სამართლებრივი სკანდალების სერიამ. ივნისში ბანკი დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ ვერ აღკვეთა ბულგარული ნარკოკარტელის მიერ ფულის გათეთრება. მარტში კი ბერმუდის სასამართლომ დაადგინა, რომ „კრედიტ სუისის“​  სიცოცხლის დაზღვევის განყოფილების მიერ მიყენებული ზარალის გამო საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ აშშ-ში კიდევ სხვა საქმის გამოძიება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ბანკი ეჭვმიტანილია კლიენტების ხელშეწყობაში, დაემალათ აქტივები ხელისუფლებისგან.