„როიტერი“ - კაპიტოლიუმის შტურმის დროს პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებული კალიფორნიელი მამაკაცი აშშ-დან გაიქცა და სავარაუდოდ ბელარუსს შეაფარა თავი
„როიტერი“ - კაპიტოლიუმის შტურმის დროს პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებული კალიფორნიელი მამაკაცი აშშ-დან გაიქცა და სავარაუდოდ ბელარუსს შეაფარა თავი

6 იანვარს, კაპიტოლიუმის შტურმის დროს პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებული კალიფორნიელი მამაკაცი აშშ-დან გაიქცა და სავარაუდოდ ბელარუსს შეაფარა თავი. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ აშშ-ის ფედერალურ პროკურატურაში განაცხადეს.

დონალ ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე 49 წლის ევან ნოიმანს 14 მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. პროკურატურის ცნობით, 6 იანვარს ნოიმანის პოლიციაზე თავდასხმის მომენტი ვიდეოკადრებში მოხვდა. პროკურორების მონაცემებით, მან აშშ 16 თებერვალს დატოვა და ამჟამად სავარაუდოდ ბელარუსში იმყოფება.

გამოცემა Daily Beast-ის ინფორმაციით, გასულ თვეს ნოიმანი ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემაში „ნახვამდის, ამერიკა“ გამოჩნდა, სადაც ის ჰყვება აშშ-დან ბელარუსში თავისი მოგზაურობის შესახებ. გადაცემაში ის ამბობს, რომ ბელარუსში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. საქმის გამოძიების ფარგლებში 220-ზე მეტ პირს აქვს ბრალი წარდგენილი.