„როიტერი“ – კანადაში კვლავ ტყის ხანძრებია, ჰაერის ხარისხის შესახებ გაფრთხილება 100 მილიონი ამერიკელისთვის გამოცხადდა

00:09, 30.06.2023

კანადაში ტყის ხანძრები გრძელდება, ჰაერის ხარისხის შესახებ გაფრთხილება 100 მილიონი ამერიკელისთვის გამოცხადდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც მედია წერს, 100 მილიონზე მეტ ამერიკელს მოუწოდეს, შეზღუდონ გარე საქმიანობა, ხოლო მათ, ვისაც აწუხებთ ფილტვებისა და რესპირატორული დაავადებები, გამოიყენონ ნიღბები; ბავშვებსა და მოხუცებს ურჩიეს, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ გარე აქტივობები.

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის დიდი ქალაქების – ნიუ იორკის, ჩიკაგოსა და ფილადელფიის მოსახლეობა კვამლიან ცას ხედავს.

„ჰაერის ხარისხი არაჯანსაღია შტატის ყველა კუთხეში. რეგულარულად შეამოწმეთ ჰაერის ხარისხი თქვენს რეგიონში. ეს არის ახალი ნორმა ნიუიორკელებისთვის“, – განაცხადა ნიუ იორკის გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, აშშ-ში ჰაერის ხარისხის შესახებ გაფრთხილებებს კანადის ტყის ხანძრებით გამოწვეული კვამლის გამო აძლევენ. კანადაში უკვე დამწვარია რვა მილიონი ჰექტარი ტყე. ამ დროისთვის ფიქსირდება 477 აქტიური ხანძარი, რომელთა ნახევარის გაკონტროლება ვერ ხერხდება.

მსგავსი