„როიტერი“ - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აშშ-ს ისრაელისთვის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება, ღაზაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის გამო, დროებით ჰქონდა შეჩერებული
„როიტერი“ - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აშშ-ს ისრაელისთვის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება, ღაზაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის გამო, დროებით ჰქონდა შეჩერებული

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აშშ-ის დაზვერვის ოფიცრებს ისრაელისთვის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება დროებით ჰქონდათ შეჩერებული. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, 2024 წლის მეორე ნახევარში აშშ-მა შეწყვიტა დრონიდან გადაღებული ღაზის ტერიტორიის ვიდეოტრანსლაცია, რომელსაც ისრაელის მთავრობა მძევლებისა და „ჰამასის“ მებრძოლების მოსაძებნად იყენებდა. წყაროების ინფორმაციით, ეს შეზღუდვა, სულ მცირე, რამდენიმე დღე გაგრძელდა.

ამასთან, როგორც წყაროები განმარტავენ, შეერთებულმა შტატებმა შეზღუდა ისიც, თუ როგორ შეეძლო ისრაელს, გამოეყენებინა გარკვეული სადაზვერვო ინფორმაცია.

გამოცემის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი აშშ-ის დაზვერვის თანამშრომლების შეშფოთება იყო ღაზაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის გამო. წყაროების განცხადებით, აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, სადაზვერვო სააგენტოებმა უცხო ქვეყანასთან ინფორმაციის გაზიარებამდე უნდა მიიღონ გარანტიები, რომ ეს ინფორმაცია ომის კანონების შესაბამისად იქნება გამოყენებული. ოფიცრებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ისრაელმა აშშ-ს საკმარისი გარანტიები არ მისცა.