„როიტერი“ - ჯეიმს დევიდ ვენსმა დონალდ ტრამპი ერთხელ ჰიტლერს შეადარა, ახლა ისინი თანამოაზრეები არიან
ჯეიმს დევიდ ვენსმა დონალდ ტრამპი ერთხელ ჰიტლერს შეადარა, ახლა ისინი თანამოაზრეები არიან, – ამ სათაურით სტატიას „როიტერი“ აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, რვა წლის წინ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვენსი დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკოსი იყო. „როიტერი“ წერს, რომ ვენსმა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს „იდიოტი“ უწოდა და თქვა, რომ ის „სამარცხვინოა“. ვენსმა ტრამპი ადოლფ ჰიტლერს შეადარა, შემდეგ კი მისი მხარდამჭერი გახდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ვენსმა უარი თქვა „როიტერთან“ ინტერვიუზე ამ სტატიის შესახებ და მისმა სპიკერმაც უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე.
რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ ბარასომ „როიტერს“ განუცხადა, რომ ვენსმა შეცვალა თავისი შეხედულებები ტრამპზე, რადგან „მან დაინახა ის წარმატებები, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა თანამდებობაზე ყოფნისას მოუტანა ქვეყანას“.
როგორც „როიტერი“ წერს, ტაკერ კარლსონმა, რომელიც ვენსის მხარდამჭერია, განაცხადა, რომ ვენსს ესმის, რისთვისაც იბრძვის ტრამპი და, ვაშინგტონში რესპუბლიკური პარტიის დანარჩენი წევრებისგან განსხვავებით, ეთანხმება მას.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოს სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა.