„როიტერი“ იუწყება, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით პოზიციები დააახლოვეს, ისრაელში ამ ინფორმაციას უარყოფენ
„როიტერი“ იუწყება, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით პოზიციები დააახლოვეს, ისრაელში ამ ინფორმაციას უარყოფენ

„როიტერი“ იუწყება, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით პოზიციები დააახლოვეს, ისრაელში ამ ინფორმაციას უარყოფენ. როგორც სააგენტო „როიტერს“ ანონიმური წყარომ აცნობა, ისრაელი და „ჰამასი“ შეთანხმებასთან ახლო არიან. საუბარია ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტაზე, ასევე ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებაზე.

„როიტერის“ ცნობით, კატარი, აშშ და ეგვიპტე 28 დეკემბრიდან ცდილობენ, დააახლოონ ისრაელისა და „ჰამასის“ პოზიციები, რამაც ღაზის სექტორში ძალადობის შემცირებისა და ანკლავში მეტი ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანის შესაძლებლობა უნდა გააჩინოს, თუმცა, როგორც ანონიმური წყარო ამბობს, მხარეები ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან ომის დასრულების პირობებზე.

ისრაელის ოფიციალური პირები „ჰამასთან“ მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მხარეებს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოება რჩება.

ისრაელი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებს. „როიტერის“ ცნობით, ისრაელელი სამხედროები ცდილობენ, ალყაში მოაქციონ ქალაქი ხან იუნისი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო 24 საათში ღაზის სექტორში მოკლულია „ჰამასის“ 100-ზე მეტი მებრძოლი. საერთო ჯამში კი, ისრაელის ხელისუფლება „ჰამასის“ 9000 მებრძოლის ლიკვიდაციის შესახებ აცხადებს. პალესტინის ოფიციალური პირების ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ღაზაში 192 პალესტინელია მოკლული, ხოლო ომის დაწყებიდან დღემდე მსხვერპლთა რაოდენობა 25 490-ს შეადგენს.