„როიტერი“ - ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-სა და ისრაელის მხრიდან არაბულ ქვეყნებთან თავდაცვის პაქტის გაფორმება რეგიონში დაძაბულობას გაზრდის
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-სა და ისრაელის მხრიდან არაბულ ქვეყნებთან თავდაცვის პაქტის გაფორმება რეგიონში დაძაბულობას გაზრდის. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ნასერ ქანაანის განცხადებით, ისრაელის და აშშ-ის გეგმა, ირანული დრონებისგან და რაკეტებისგან დასაცავად არაბულ ქვეყნებთან თავდაცვის პაქტის გაფორმების შესახებ, მხოლოდ გაზრდის დაძაბულობას რეგიონში.
„რეგიონში უცხოელების შემოსვლა არ შექმნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ის თავისთავად წარმოადგენს დაძაბულობის და რეგიონული განხეთქილების მიზეზს. ამერიკის მხრიდან მსგავსი საკითხების წამოწევა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ დათესოს ისლამოფობია და განხეთქილება რეგიონის ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ქანაანმა.
როგორც „როიტერი“ წერს, აშშ და ისრაელი არაბულ ქვეყნებთან ერთად გეგმავენ ალიანსის შექმნას და ანტისაჰაერო სისტემის გაერთიანებას ირანული დრონებისა და რაკეტების ჩამოსაგდებად. მედიის ცნობით, აღნიშნული საკითხის განხილვა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიზიტისას იგეგმება, მომავალ კვირაში.