„როიტერი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მომდევნო 48 საათი დონალდ ტრამპის მკურნალობის მხრივ კრიტიკული იქნება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კორონავირუსის სიმპტომები „ძალიან შემაშფოთებელია“, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ანონიმური წყაროს ინფორმაციით, მომავალი 48 საათი დონალდ ტრამპის მკურნალობის მხრივ კრიტიკული იქნება.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის მკურნალი ექიმების ჯგუფმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა თავად აშშ-ის პრეზიდენტმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ექიმების დახმარებით თავს კარგად გრძნობს.
74 წლის დონალდ ტრამპი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მერილენდში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში პარასკევს გადაიყვანეს. კორონავირუსით ინფიცირებულია მისი მეუღლე მელანია ტრამპიც.