ინდოეთმა ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა დაგმო და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოწოდებას მხარი დაუჭირა

11:32, 06.04.2022

ინდოეთმა უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა დაგმო და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოწოდებას მხარი დაუჭირა. როგორც როიტერი წერს, აღნიშნულის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ინდოეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ტირიმურტმა განაცხადა.

„ბუჩაში მოქალაქეების მკვლელობების შესახებ ბოლო ცნობები ღრმად შემაშფოთებელია. ჩვენ ცალსახად ვგმობთ ამ მკვლელობებს და მხარს ვუჭერთ მოწოდებას დამოუკიდებელი გამოძიებისკენ“, – განაცხადა ინდოეთის ელჩმა.

როგორც მედია წერს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ინდოეთის წარმომადგენლის გამოსვლამდე ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

გასულ კვირას კი ინდოეთის დედაქალაქში ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან, აშშ-მა არაერთხელ მოუწოდა ინდოეთს, დაგმოს რუსეთის აგრესია ქვეყანაში. „როიტერის“ ცნობით, ნიუ-დელი თავის მხრივ გამოდის უკრაინაში ძალადობის შეწყვეტის მოწოდებით, თუმცა თავს იკავებს გაერო-ში ომთან დაკავშირებული რეზოლუციების მხარდაჭერისგან.

მსგავსი