„როიტერი“ - იერუსალიმში ისრაელელი ნაციონალისტების მსვლელობა იგეგმება
„როიტერი“ - იერუსალიმში ისრაელელი ნაციონალისტების მსვლელობა იგეგმება

იერუსალიმში ისრაელელი ნაციონალისტების მსვლელობა იგეგმება, – ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო „როიტერზე“ ვრცელდება.

მედიის ცნობით, ისრაელელმა ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებმა მასობრივი მსვლელობა აღმოსავლეთ იერუსალიმში დააანონსეს. პალესტინელებმა ნაციონალისტების მიერ დაანონსებული მსვლელობა პროვოკაციად შერაცხეს და ღაზას სექტორსა და მდინარე იორდანეს მარჯვენა ნაპირზე „რისხვის დღის“ ჩატარებისკენ მოუწოდეს.

პალესტინის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შტაიეს თქმით, ისრაელის ნაციონალისტების მიერ იერუსალიმის ოკუპირებულ ნაწილში მსვლელობის გამართვამ შესაძლოა, სახიფათო შედეგები გამოიღოს.

იერუსალიმის ძველ ქალაქში შეკრებისკენ პალესტინელებს პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის პარტია „ფათჰმა“ და დაჯგუფება „ჰამასმაც“ მოუწოდეს.

ისრაელის ულტრამემარჯვენე დეპუტატის იტამარ ბენ-გვირის განცხადებით, დროა, ისრაელი დაემუქროს დაჯგუფება „ჰამასს“ და არა „ჰამასი“ ისრაელს.

მსვლელობის დაანონსებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გაერო-ს წარმომადგენელი თორ ვენესლანდი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გაერო-სა და ეგვიპტის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამყარების მიუხედავად, იერუსალიმში დაძაბულობა კვლავ იზრდება.

მსვლელობა ადგილობრივი დროით 18:30 საათზეა დაგეგმილი, თუმცა ოფიციალური მარშრუტი ჯერ ცნობილი არ არის.

ისრაელის მედიასაშუალებების ცნობით, პოლიცია მსვლელობის მონაწილეებს მუსლიმანურ კვარტალში გადასვლის უფლებას არ მისცემს და შეკრების შესაძლებლობას იერუსალიმის ძველ ქალაქში, დამასკოს კარიბჭის მიღმა დაუშვებს.