„როიტერი“ - გერმანიის ეკონომიკა ზედიზედ ორი კვარტალია, მცირდება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ეკონომიკურ რეცესიაში შედის
გერმანიის ეკონომიკა ზედიზედ ორი კვარტალია, მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ეკონომიკურ რეცესიაში შედის, – ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
მედიის ცნობით, ეკონომიკური რეცესიის მიზეზი არსებული ინფლაცია გახდა, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა გერმანიის ეკონომიკურ მდგომარეობას. მოსახლეობა ინფლაციის გამო უფრო ნაკლებ თანხას ხარჯავს ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა საკვები და ტანსაცმელი.
გერმანიის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2023 წლის პირველ კვარტალში, რაც იანვრიდან მარტამდე პერიოდს გულისხმობს, წინა კვარტალთან შედარებით, 0,3 პროცენტით შემცირდა. ამას წინ უძღოდა 2022 წლის ბოლო სამ თვეში, ანუ მეოთხე კვარტალში მშპ-ის 0.5 პროცენტით შემცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჩვენებელი უკვე ზედიზედ ორი კვარტალია, იკლებს. ეკონომიკის რეცესიაში შესვლას კი ორ კვარტალში თანმიმდევრული შემცირება განსაზღვრავს.
ექსპერტების აზრით, ვითარების გაუმჯობესების პერსპექტივა არც წლის ბოლომდე ჩანს.