„როიტერი“ - გერმანიაში პუტინის მომხრე აგენტები ცდილობენ, ოფიციალური ბერლინი უკრაინის წინააღმდეგ განაწყონ
„როიტერი“ - გერმანიაში პუტინის მომხრე აგენტები ცდილობენ, ოფიციალური ბერლინი უკრაინის წინააღმდეგ განაწყონ

გერმანიაში პუტინის მომხრე აგენტები ცდილობენ, ოფიციალური ბერლინი უკრაინის წინააღმდეგ განაწყონ, – ამის შესახებ საუბარია „როიტერის“ მიერ ჩატარებულ გამოძიებაში.

ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, „როიტერის“ გამოძიებამ გამოავლინა, რომ „მთავარ ფიგურებს, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებით პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე მუშაობენ, კავშირი აქვთ რუსეთის მთავრობასთან ან ულტრამემარჯვენეებთან“.

გამოძიების თანახმად, პუტინის მომხრე პირები კამპანიას აწარმოებენ როგორც ონლაინ სივრცეში, ასევე ქუჩებში და ახმოვანებენ შეტყობინებებს, რომლებიც ეხება კავშირებს გერმანიასა და რუსეთს შორის, საბჭოთა კავშირის ურთიერთობებს კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიასთან და გერმანიის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე.

„როიტერი“ წერს, რომ დაადგინეს ძირითადი ფიგურების ვინაობა, რომლებიც მონაწილეობენ გერმანიის შიგნით რუსული ინტერესების წინსვლაში, ინტერვიუების, სოციალური მედიის პოსტებისა და სხვა საჯარო ინფორმაციის გამოყენებით.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი მათგანია მაქს შლუნდი, რომელსაც როსტისლავ ტესლიუკი ერქვა, ვიდრე ათი წლის წინ სახელსა და გვარს შეიცვლიდა.

„მაქს შლუნდი ბოლო თვეებში იმყოფებოდა რუსეთის მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში. ასევე, რუსეთის სამთავრობო სააგენტომ, რომელიც ამჟამად ევროკავშირის სანქციების ქვეშ არის, გადაიხადა მისი თვითმფრინავის ბილეთის საფასური კონფერენციაზე დასასწრებად, სადაც მთავარი მომხსენებელი იყო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. კიდევ ერთი იდენტიფიცირებული მამაკაცი ანდრეი ხარკოვსკია, რომელმაც ალიანსი შეკრა კაზაკთა საზოგადოებასთან, რომელიც მხარს უჭერს მოსკოვის სამხედრო კამპანიას უკრაინაში. გავლენის აგენტები იყენებენ ყალბ სახელებს და მალავენ კავშირებს რუსეთის სახელმწიფოსთან ან ქვეყნის სუბიექტებთან. ერთი მათგანი მართავს გერმანულენოვან სოციალურ მედია არხს სახელწოდებით „პუტინის ფანკლუბი“, – წერს „როიტერი“.