„როიტერი“ – ევროპარლამენტში მიმდინარე ანტიკორუფციულ გამოძიებასთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელი შეშფოთებულია

15:48, 12.12.2022

„როიტერის“ ცნობით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ევროპარლამენტში მიმდინარე ანტიკორუფციული გამოძიების გამო შოკირებულია. როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნულის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს ამბავი ძალიან შემაშფოთებელია. „ცხადია, ეს ამბავი ძალიან შემაშფოთებელია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

საქმე ეხება ბელგიის პოლიციის მიერ დაწყებულ ანტიკორუფციულ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი კატარი ნაღდ ფულსა და ძვირფას საჩუქრებს სთავაზობდა ევროპარლამენტის ოფიციალურ პირებს, რათა მათ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება მოეხდინათ. გამოძიების ერთ-ერთი ფიგურანტი არის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი. სამართალდამცავებმა მას და კიდევ სამ ეჭვმიტანილს ბრალი უკვე წარუდგნინეს. ჩხრეკის შედეგად, ბელგიის პოლიციამ 16 სახლიდან 600 000 ევრო ამოიღო. ამავე საქმეზე დღეს განცხადება გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ანალენა ბერბოკის თქმით, კანონი სრული ძალით უნდა ამოქმედდეს.

„საქმე ეხება ევროპის სანდოობას, ამიტომ მომხდარს შედეგი უნდა მოჰყვეს სხვადასხვა სფეროში“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

 

მსგავსი