„როიტერი“ – ევროკომისიაში განიხილავენ ახალ პირობებს, რომლებიც შესაძლოა, ბლოკის ახალ წევრ სახელმწიფოებს დაუწესდეთ, რათა ისინი დემოკრატიული უკუსვლისგან დაიცვან

19:51, 06.10.2026

ევროკომისიაში განიხილავენ ახალ პირობებს, რომლებიც შესაძლოა, ბლოკის ახალ წევრ სახელმწიფოებს დაუწესდეთ, რათა ისინი დემოკრატიული უკუსვლისგან დაიცვან. ამის შესახებ სტატიას „როიტერი“ აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ევროკომისია ზომების მიღებას გეგმავს, რათა ევროკავშირი მომდევნო წლებში მოემზადოს ისეთი ქვეყნების მისაღებად, როგორებიცაა მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა. ამავდროულად ცდილობს, არსებული წევრები დაარწმუნოს ბლოკის გაფართობით გამოწვეული პოტენციური პოლიტიკური ცვლილებებისა და ეკონომიკური ხარჯების აუცილებლობის შესახებ.

სტატიის მიხედვით, შემოთავაზებული რეფორმები მოიცავს ზომას, რომელიც ევროკავშირის ამჟამინდელ წევრ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, შეაჩერონ ახალი წევრისთვის ხმის მიცემის უფლება წევრობის პირველი 15 წლის განმავლობაში, თუ რომელიმე ქვეყანა შეწყვეტს ბლოკის ღირებულებების დაცვას.

ამასთან, უკრაინის მასშტაბებიდან გამომდინარე, ბრიუსელი გეგმავს ქვეყნის მსხვილი სასოფლო-სამეურნეო სექტორისთვის ფინანსური მხარდაჭერის შეზღუდულად მიწოდებას.

კომისიამ ასევე შესთავაზა პოტენციური წევრების თანდათანობითი ინტეგრაციის არსებული პოლიტიკის გაძლიერება ევროკავშირის პროგრამებსა და ეკონომიკურ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ციფრული ტექნოლოგიები და თავდაცვა. თუმცა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ თითოეული სქემის კრიტერიუმები და ისინი უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის საერთო სტრატეგიულ მიმართულებას.

ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, მონტენეგრო, სავარაუდოდ, იქნება შემდეგი ქვეყანა, რომელიც მზად იქნება ბლოკში გაწევრიანებისთვის და შესაძლოა, მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დაასრულოს. ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა ასევე ლიდერებად ითვლებიან, მაგრამ მათ წევრობამდე, სავარაუდოდ, სულ მცირე, რამდენიმე წელი აშორებთ.

„როიტერის“ ცნობით, კომისიის წინადადებების რეალობად ქცევისთვის საჭირო იქნება ევროკავშირის ამჟამინდელი 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა. მოსალოდნელია, რომ ქვეყნები წინადადებებზე დისკუსიებს უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

მსგავსი