„როიტერი“ – ევროკავშირი ესპანეთში მიგრაციული კრიზისის შემდეგ საზღვრებზე კონტროლის გაძლიერებაზე შეთანხმდა

17:12, 04.08.2026

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფერნანდო გრანდე-მარლასკამ ევროკავშირის კოლეგებს აცნობა, რომ ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში განვითარებული მიგრაციული კრიზისის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 75 ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

ნუნესის თქმით, დაღუპულთა რაოდენობა ჯერ საბოლოო არ არის.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ესპანეთს თანაგრძნობა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ ესპანეთის მთავრობა კრიზისს სათანადოდ გაუმკლავდა.

ფრანგმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სეუტაში განვითარებული მოვლენების შემდეგ 70 ათასზე მეტმა მიგრანტმა ესპანეთის ტერიტორია დატოვა და მაროკოში დაბრუნდა.

„ყველა წევრმა ქვეყანამ, გამონაკლისის გარეშე, დღეს შეხვდდრაზე გამოხატა სოლიდარობა ესპანეთის მიმართ და შეაქო ესპანეთის მთავრობის მოქმედებები, ასევე მაროკოსთან თანამშრომლობა“, – განაცხადა ნუნესმა.

მისივე თქმით, საფრანგეთმა გააძლიერა კონტროლი ესპანეთთან საზღვარზე, რათა თავიდან აიცილოს მიგრანტთა გადაადგილება ევროკავშირის შიდა სივრცეში. ასევე, იტალიასთან შეთანხმებით, პარიზმა გადაწყვიტა საფრანგეთ-იტალიის სახმელეთო საზღვარზე კონტროლის გაძლიერებაც.

ნუნესმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მზად არის დაეხმაროს ესპანეთის ხელისუფლებას და საჭიროების შემთხვევაში გააძლიეროს ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო „ფრონტექსის“ მხარდაჭერა.

„როიტერის“ ცნობით, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ასევე დაგმეს სეუტაში განვითარებული მოვლენების გამოყენება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის დაპირისპირების გასაღრმავებლად. მათი განცხადებით, მსგავსი დაყოფა თავიდან უნდა იქნას აცილებული.

„ყველა ქვეყანას შორის არსებობს კონსენსუსი, რომ აუცილებელია ბრძოლა გაძლიერდეს ტრეფიკინგში ჩართული ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც არალეგალური მიგრაციის ორგანიზებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, სეუტის კრიზისი გასულ კვირას დაიწყო. ესპანეთის აფრიკულ ანკლავში, რომელიც მაროკოს ესაზღვრება, ათასობით მიგრანტის მასობრივი შესვლის მცდელობამ ევროკავშირში შეშფოთება გამოიწვია.

მსგავსი