„როიტერი“ – ეთიოპიის ჩრდილოეთით მდებარე ტიგრაის რეგიონის ძალებმა ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური შეტევა დაიწყეს
ეთიოპიის ჩრდილოეთით მდებარე ტიგრაის რეგიონის ძალებმა ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური შეტევა დაიწყეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ტიგრაის ლიდერებმა განაცხადეს, ისინი „თავდაცვით ომში“ ჩაერთნენ, რათა ფედერალური მთავრობის მხრიდან აგრესიისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ.
2020 წელს ტიგრაის ხალხის განმათავისუფლებელ ფრონტსა (TPLF) და ფედერალურ ძალებს შორის დაწყებულ სამოქალაქო ომს ასობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა. კონფლიქტი 2022 წლის ნოემბერში, აფრიკის კავშირის შუამავლობით გაფორმებული პრეტორიის შეთანხმებით დასრულდა.
„როიტერის“ ცნობით, ახალი დაპირისპირება მხარეებს შორის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მზარდი დაძაბულობის ფონზე დაიწყო. ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა, როდესაც TPLF-მა განაცხადა, რომ ეთიოპიის მასშტაბით მოქმედ ექვს შეიარაღებულ ჯგუფთან ალიანსი შექმნა, რომლის მიზანიც პრემიერ-მინისტრ აბიი აჰმედის მთავრობის დამხობაა.
აბიი აჰმედის მრჩეველმა და TPLF-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გეტაჩეუ რედამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ TPLF-მა ტიგრაიში ფედერალური მთავრობის კონტროლქვეშ არსებული აეროპორტები დაიკავა და მეზობელ აფარისა და ამჰარის რეგიონებში სამთავრობო პოზიციების წინააღმდეგ „მასშტაბური შეტევა“ დაიწყო.
აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარემ, მაჰმუდ ალი იუსუფმა დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეამცირონ დაძაბულობა და პირდაპირი მოლაპარაკებები გამართონ. მან ასევე მოუწოდა მეზობელ ქვეყნებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ვითარების შემდგომ ესკალაციას შეუწყობს ხელს.