„როიტერი“ - ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა
ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა ერაყში, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე განხორციელდა.
„ბაზის პერსონალი აწარმოებს თავდასხმის შემდგომი ზარალის შეფასებას“, – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ „როიტერს“.
ამასთან, წყარომ უსაფრთხოების სამსახურიდან აღნიშნა, რომ ერაყის დასავლეთით მდებარე ბაზისკენ ორი რაკეტა „კატიუშა“ გაუშვეს, რომლებიც ბაზაზე ჩამოვარდა.
გასულ კვირაში აშშ-მა ერაყზე დარტყმა განახორციელა. ამერიკული მხარის ცნობით, იერიშის სამიზნე იყვნენ მებრძოლები, რომლებიც დრონების გაშვებას გეგმავდნენ და ამერიკული და კოალიციური ძალებისთვის საფრთხეს ქმნიდნენ.
პარალელურად, შეერთებულ შტატებში ელოდებიან, რომ ირანი და „ჰეზბოლა“ ისრაელზე საპასუხო თავდასხმას უახლოეს საათებში განახორციელებენ.
ცნობისთვის, გასულ კვირას თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაელ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ირანი ისრაელს საპასუხო ზომებით ემუქრება. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დათანხმდა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში საზღვაო ძალების დამატებითი კრეისერებისა და გამანადგურებლების გაგზავნას, რომლებსაც შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, რათა დაიცვან ამერიკული ჯარები და დაეხმარონ ისრაელს ირანის, ასევე მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების მხრიდან საფრთხეების წინააღმდეგ.