„როიტერი“ - ერაყში აქციებზე უსაფრთხოების ძალებმა ექვსი დემონსტრანტი მოკლეს
ერაყში უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ექვსი დემონსტრანტი მოკლეს. „როიტერის“ ინფორმაციით, 4 ნოემბერს მასშტაბური გამოსვლების დროს დედაქალაქ ბაღდადში ხუთი, ერთი კი ქალაქ შატრაში დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი ბაღდადში, აჰრარის ხიდის მახლობლად გაუხსნეს. „როიტერი“ წერს, რომ დედაქალაქში ,ე.წ. მწვანე ზონასთან მომხდარი შეტაკების დროს პოლიციის ოფიცერიც დაიღუპა. ერაყის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა ხიდი გადაკვეთეს და რესტორანს ცეცხლი წაუკიდეს.
ერაყში საპროტესტო გამოსვლები ოქტომბერში დაიწყო, როდესაც მოქალაქეების ნაწილმა მთავრობა კორუფციაში და ეკონომიკური პრობლემების გაღრმავებაში დაადანაშაულა. დაპირისპირებას საერთო ჯამში 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.