„როიტერი“ - ენერგიის დაზოგვის მიზნით, საფრანგეთის საჯარო დაწესებულებებში ცხელ წყალს გამორთავენ
„როიტერი“ - ენერგიის დაზოგვის მიზნით, საფრანგეთის საჯარო დაწესებულებებში ცხელ წყალს გამორთავენ

ენერგიის დაზოგვის მიზნით, საფრანგეთი საჯარო დაწესებულებებში ცხელ წყალს გამორთავს. „როიტერი“ საფრანგეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ენერგიის მოხმარების შემცირების უფრო ფართო გეგმის ფარგლებში, ხელისუფლება მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს, საჯარო საცურაო აუზებზე წყლის ტემპერატურა ერთი გრადუსით შეამცირონ.

როგორც „როიტერი“ წერს, ემანუელ მაკრონის მთავრობა 6 ოქტომბერს გამოაცხადებს სექტორ-სექტორული ენერგიის დაზოგვის ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის შეწყვეტის ან გაზის დეფიციტის თავიდან აცილებას. მრეწველობას, შინამეურნეობებს და მუნიციპალურ ხელისუფლებას დაევალება ენერგომოხმარების შემცირება 10 პროცენტით, რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირებისა და ენერგიის ფასების სპირალური ზრდის საპასუხოდ.

მედიასაშუალების ცნობით, ცხელი წყლის წარმოება მხოლოდ ადმინისტრაციულ შენობებში შეადგენს საფრანგეთის სახელმწიფოს ენერგეტიკული გადასახადის 10 პროცენტს, სადაც დასაქმებულია ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი.

გარდა ამისა, საფრანგეთის მთავრობა საჯარო სექტორის მუშაკებს სთხოვს, ოთხ საათზე ნაკლები დროის შემთხვევაში, იმოგზაურონ მატარებლით და არა თვითმფრინავით.

ამასთან, საფრანგეთის მთავრობას ვალდებულება აქვს აღებული, 2050 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება 40 პროცენტით შეამციროს, რათა შეასრულოს საერთაშორისო შეთანხმებებში გაცემული დაპირებები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის კუთხით.