„როიტერი“ - დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების შესახებ წინადადება უარყო, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მცდელობებზე უარი თქვა თეირანმაც
„როიტერი“ - დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების შესახებ წინადადება უარყო, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მცდელობებზე უარი თქვა თეირანმაც

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების შესახებ წინადადება უარყო.

როგორც სააგენტო წერს, ამ შეთავაზებით აშშ-ის მოკავშირე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ.

გავრცელებული ცნობით, ომანი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არაერთხელ შეეცადა დიალოგის დამყარებას აშშ-სა და ირანს შორის, თუმცა თეთრი სახლი მკაფიოდ მიანიშნებდა, რომ ამით დაინტერესებული არ არის.

„როიტერის“ ერთ-ერთი წყაროს თქმით, ტრამპს სურს ომის გაგრძელება, რათა კიდევ უფრო დაასუსტოს ისლამური რესპუბლიკის სამხედრო პოტენციალი.

„მოლაპარაკებების დღე, შესაძლოა, დადგეს, მაგრამ არა ახლა“, – განაცხადა „როიტერთან“ საუბრისას აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.

სააგენტოს სხვა წყაროების ინფორმაციით, ეგვიპტემ, რომელიც ომამდე ვაშინგტონსა და თეირანს შორის შუამავლის როლს ასრულებდა, ომის დროსაც სცადა აშშ-სა და ირანს შორის კომუნიკაციის აღდგენა, თუმცა ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.  მიუხედავად ამისა, სააგენტოს ცნობით, კაირომ მაინც მიაღწია „ირანის მოქმედებების შედეგად დაზარალებული მეზობელი ქვეყნების მხრიდან გარკვეულ სამხედრო თავშეკავებას“.

ირანული წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ, თავის მხრივ, თეირანმაც უარყო რამდენიმე ქვეყნის მცდელობა, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება მიღწეულიყო.

„როიტერის“ ცნობით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა პირველ რიგში მოითხოვს, სრულად შეწყდეს აშშ-სა და ისრაელის თავდასხმები და მათ ირანს გადაუხადონ კომპენსაცია მიყენებული ზიანისთვის.