„როიტერი“ – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისთვის სამუშაო ნებართვის საფასურის 70 000 დოლარამდე გაზრდას გეგმავს

01:14, 08.10.2026

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისთვის სამუშაო ნებართვის საფასურის 70 000 დოლარამდე გაზრდას გეგმავს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა უცხოელი სტუდენტებისთვის სამუშაო პრაქტიკის პროგრამაში მონაწილეობის საფასურის მკვეთრად გაზრდის შესახებ წინადადება წარადგინა.

ახალი წესის მიხედვით, F-1 ტიპის ვიზის მქონე სტუდენტებისთვის Optional Practical Training-ის (OPT) ფარგლებში სამუშაო პრაქტიკის საფასური 70 000 დოლარი იქნება. დამატებითი სამუშაო პრაქტიკისთვის კი საფასური 30 000 დოლარამდე განისაზღვრება.

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, ახალი წესის მიზანია „თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა, საიმიგრაციო სისტემის კეთილსინდისიერების გაძლიერება და ამერიკელი დასაქმებულების დაცვა“.

OPT-ს პროგრამა უცხოელ სტუდენტებს სწავლის პერიოდში კვირაში 20 საათამდე მუშაობისა და სწავლის დასრულების შემდეგ შეზღუდული დროით პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამჟამად პროგრამაში მონაწილეობის საფასური დაახლოებით 500 დოლარს შეადგენს. OPT-ს პროგრამა ხშირად უცხოელი სტუდენტებისთვის აშშ-ში დასაქმების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელი გზაა, მათ შორის H-1B სამუშაო ვიზის მისაღებად.

პროექტი ჯერ ძალაში არ შესულა. მისი ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ, პროექტი 30 დღის განმავლობაში საჯარო განხილვის ეტაპზე იქნება. საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში ძალაში შესვლამდე დამატებით 60 დღე იქნება გათვალისწინებული, რათა სტუდენტებმა, უნივერსიტეტებმა და დამსაქმებლებმა ცვლილებისთვის მომზადება შეძლონ.

მსგავსი