„როიტერი“ - „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ვლადიმერ პუტინს დასცინეს [ვიდეო]
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა წელს ზემოთ გახდილ, ცხენზე მჯდომ ვლადიმერ პუტინს დასცინეს. „როიტერის“ ინფორმაციით, როდესაც ბავარიის ალპებში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების ლიდერები მოლაპარაკებებისთვის მრგვალ მაგიდასთან დასხდნენ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა იკითხა, უნდა გაეხადათ თუ არა ქურთუკები, ან კიდევ მეტად ხომ არ უნდა გაეხადათ ტანსაცმელი.
„ჩვენ ყველამ უნდა ვაჩვენოთ, რომ პუტინზე უფრო მაგრები ვართ“, – თქვა ჯონსონმა, რამაც მისი კოლეგების სიცილი გამოიწვია.
„ჩვენ ვაპირებთ შიშველმკერდიანი საცხენოსნო შოუს ჩვენებას“, – აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ.
„დიახ, ცხენებით გასეირნება საუკეთესოა“, – დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
დასავლური მედია წერს, რომ პუტინი, რომელიც აფასებს თავის სპორტულ იმიჯს, რამდენჯერმე იყო უპერანგოდ გამოსახული რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე, მათ შორის ერთ-ერთ მათგანში, ყავისფერ ცხენზე ამხედრებული, სათვალითა და სამხედრო შარვლით.