„როიტერი“ - ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასული წლის ბოლოს ჩინეთში ფარულად გაწვრთნეს 200-მდე რუსი სამხედრო, მათი ნაწილი უკვე უკრაინაში იბრძვის
ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასული წლის ბოლოს ჩინეთში ფარულად გაწვრთნეს 200-მდე რუსი სამხედრო, მათი ნაწილი უკვე უკრაინაში იბრძვის. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ სამი ევროპული ქვეყნის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ფარული სასწავლო კურსები, რომლებიც ძირითადად დრონების გამოყენებაზე იყო ფოკუსირებული, აღწერილია რუსეთ-ჩინეთის ორმხრივ შეთანხმებაში, რომელიც 2025 წლის 2 ივლისს პეკინში გაფორმდა.
შეთანხმების მიხედვით, დაახლოებით 200 რუსი სამხედრო უნდა გადამზადებულიყო სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის პეკინსა და ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ნანჯინში.
წყაროების თქმით, დაახლოებით ამ რაოდენობით სამხედროებმა მართლაც გაიარეს სწავლება ჩინეთში. ამავე შეთანხმებაში ასევე აღნიშნულია, რომ ასობით ჩინელი სამხედრო გაივლის სწავლებას რუსეთის სამხედრო ობიექტებზე.
ევროპული სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, რუსი სამხედროების ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე გადამზადება, რომლებიც შემდეგ უკრაინის ომში მონაწილეობენ, ნიშნავს, რომ ჩინეთი უფრო მეტად არის ჩართული ომში, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა,
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო უწყებაში „როიტერს“ შემდეგი განცხადებით უპასუხეს: „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ჩინეთი ყოველთვის ინარჩუნებდა ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას და მუშაობდა სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობაზე; ეს თანმიმდევრული და მკაფიო პოზიციაა და ამას საერთაშორისო საზოგადოება ადასტურებს“.