„როიტერი“ - ჩინეთი უკრაინის ომის დასრულებისთვის ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ინიციატივით გამოდის
„როიტერი“ - ჩინეთი უკრაინის ომის დასრულებისთვის ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ინიციატივით გამოდის

ჩინეთი უკრაინის ომის დასრულებისთვის ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ Wall Street Journal-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ბოლო კვირების განმავლობაში ეს ინიციატივა ტრამპის გუნდთან შუამავლების მეშვეობით წამოაყენეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რაზეც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი არ გააკეთა.

გუშინ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის დასრულების შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პუტინი და ტრამპი შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

პუტინმა ტრამპი მოსკოვში მიიწვია. დონალდ ტრამპის თქმით კი, პირველი შეხვედრა, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შედგება.