„როიტერი“ – ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე ისრაელის იერიშების შედეგად ღაზაში სამი ადამიანი დაიღუპა
A Palestinian Hamas militant keeps guard as Red Cross personnel head towards an area within the so-called "yellow line" to which Israeli troops withdrew under the ceasefire, as Hamas says it continues to search for the bodies of deceased hostages seized during the October 7, 2023, attack on Israel, in Gaza City November 2, 2025. REUTERS/Dawoud Abu Alkas TPX IMAGES OF THE DAY
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე ისრაელის იერიშების შედეგად ღაზაში სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქალაქ ღაზაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ცენტრალურ ღაზაში განხორციელებულ ცალკეულ იერიშებს კი ორი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც „როიტერი“ წერს, პარალელურად, ეგვიპტე, კატარი და თურქეთი მოლაპარაკებებს მართავენ „ჰამასთან“ და სხვა დაჯგუფებებთან. მთავარი საკითხი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმის მეორე ეტაპის განხორციელებაა, რომელიც „ჰამასის“ განიარაღებასა და ისრაელის ძალების ღაზიდან გაყვანას ითვალისწინებს.
„ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, ჰუსამ ბადრანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში „რეალური პროგრესი“ მიღწეულია და შუამავლებს მოუწოდა, აიძულონ ისრაელი ზავის პირობების დარღვევა შეწყვიტოს.
ეგვიპტური წყაროების ცნობით, მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდი საბოლოო შეთანხმების გარეშე დასრულდა. მთავარ დაბრკოლებად „ჰამასის“ განიარაღების საკითხი რჩება. მათივე ინფორმაციით, ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ მიერ წარმოდგენილი 15-პუნქტიანი გეგმის 14 პუნქტზე პალესტინური მხარეები უკვე შეთანხმდნენ.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ზავის ამოქმედების შემდეგ ისრაელის დარტყმებს 950-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თავის მხრივ, ისრაელი აცხადებს, რომ ამ პერიოდში თავდასხმების შედეგად ოთხი სამხედრო დაკარგა.