„როიტერი“ - ბრიტანეთისა და საფრანგეთის საჰაერო ძალებმა ჩაატარეს ერთობლივი ოპერაცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიწისქვეშა იარაღის საცავის დაბომბვა
დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საჰაერო ძალებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს, რომლის მიზანსაც სირიაში მდებარე „ისლამური სახელმწიფოს“ მიწისქვეშა იარაღის საცავის დაბომბვა წარმოადგენდა. ამის შესახებ „როიტერი“ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც გაერთიანებული სამეფო განმარტავს, დასავლური ავიაცია პატრულირებას ახორციელებდა, რათა შეეჩერებინა იმ ისლამისტური დაჯგუფების აღორძინება, რომელიც სირიის ზოგიერთ ნაწილს 2019 წლამდე მართავდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაზვერვამ პალმირას ჩრდილოეთით მდებარე მთებში გამოავლინა მიწისქვეშა ობიექტი, რომელიც, სავარაუდოდ, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შესანახად გამოიყენებოდა.
„ობიექტამდე მისასვლელი რამდენიმე გვირაბის დასაბომბად ჩვენმა თვითმფრინავებმა Paveway IV-ის ტიპის მართვადი ბომბები გამოიყენეს. დეტალური შეფასება მიმდინარეობს, პირველად ნიშნები მიუთითებს, რომ სამიზნე განადგურებულია. ჩვენი ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაბრუნდა. ეს ქმედება აჩვენებს დიდი ბრიტანეთის ლიდერობას და მტკიცე გადაწყვეტილებას, მხარდამხარ დავდგეთ ჩვენს მოკავშირეებთან, რათა აღვკვეთოთ „დაეშის“ და მათი საშიში და ძალადობრივი იდეოლოგიების ახლო აღმოსავლეთში აღორძინება“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.