„როიტერი“ - ბრაზილიის პოლიციამ ინდური ვაქცინის შეძენისას სავარაუდო დარღვევების საქმეზე პრეზიდენტ ბოლსონარუს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
„როიტერი“ - ბრაზილიის პოლიციამ ინდური ვაქცინის შეძენისას სავარაუდო დარღვევების საქმეზე პრეზიდენტ ბოლსონარუს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ, უზენაესი სასამართლოს მოთხოვნით, პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ ინდური ვაქცინის შეძენისას სავარაუდო დარღვევების საქმეზე გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, შესაძლოა, გამოძიებამ პრეზიდენტი დაკითხოს.

საუბარია ინდური ფარმაცევტული კომპანიისგან, Bharat Biotech-ისგან ვაქცინის 20 მილიონი დოზის შესაძენად გაფორმებულ 316 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტზე.

ბრაზილიის სენატში შექმნილი საგამოძიებო კომისია, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ პანდემიასთან ბრძოლისას მიღებულ ზომებს იკვლევს, კონტრაქტის დადებისას ფასის ხელოვნურად ზრდასა და კორუფციას არ გამორიცხავს. შესაძლო დარღვევების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, მთავრობამ კონტრაქტი შეაჩერა.
ხელშეკრულების გაფორმებისას შესაძლო დარღვევებს ასევე იძიებს ბრაზილიის ფედერალური პროკურატურა და გენერალური ინსპექცია. თავად პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ რამე სახის დარღვევას უარყოფს.