ბორის ჯონსონი - პუტინთან ურთიერთობა ჰგავს საუბარს ნიანგთან, რომელსაც შენს ფეხში კბილები აქვს ჩავლებული
ბორის ჯონსონი - პუტინთან ურთიერთობა ჰგავს საუბარს ნიანგთან, რომელსაც შენს ფეხში კბილები აქვს ჩავლებული

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ნიანგთან საუბარს შეადარა. ჯონსონის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჯონსონის თქმით, პუტინთან ურთიერთობა ჰგავს ნიანგთან საუბარს, „რომელსაც შენს ფეხში კბილები აქვს ჩავლებული“.

ამასთან, ბორის ჯონსონის აზრით, უკრიანის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებები სავარაუდოდ ჩავარდება. ბრიტანეთის ლიდერის თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა უკრაინის შეიარაღება გააგრძელოს.

„რთულია, დაინახო, როგორ შეუძლიათ უკრაინელებს პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა ახლა, კეთილსინდისიერების აშკარა არარსებობის გათვალისწინებით. მისი სტრატეგია, რომელიც აშკარაა, მდგომარეობს იმაში, რომ სცადოს უკრაინის რაც შეიძლება დიდი ნაწილის შთანთქმა, დაპყრობა და შესაძლოა, აწარმოოს რამე სახის მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

როგორც მედია წერს, ბორის ჯონსონმა ეს განცხადება გააკეთა ინდოეთში გამგზავრებამდე, სადაც მას თავის კოლეგასთან, ნარენდრა მოდისთან აქვს დაგეგმილი მოლაპარაკებები. „როიტერის“  ცნობით, ინდოეთში ვიზიტისას ჯონსონი გეგმავს, მოუწოდოს ინდოეთის პრემიერს, დაასრულოს თავისი ნეიტრალიტეტი უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე.