„როიტერი“ – აშშ-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში თეირანი მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის გადაცემას არ დათანხმებულა
აშშ-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში თეირანი მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის გადაცემას არ დათანხმებულა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ირანის ბირთვული საკითხი შეერთებულ შტატებთან მიღწეული წინასწარი შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.
„ბირთვული საკითხი საბოლოო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დროს განიხილება. შესაბამისად, ის მიმდინარე შეთანხმების ნაწილი არ არის. ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის ქვეყნიდან გატანასთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ არსებობს“, – განუცხადა წყარომ „როიტერს“.