„როიტერი“ - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბელარუსის მიმართ სანქციების ნაწილი შეამსუბუქა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბელარუსის მიმართ სანქციების ნაწილი შეამსუბუქა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სახაზინო დეპარტამენტმა გააუქმა სანქციები ავიაკომპანია „ბელავიისა“ და მისი კუთვნილი თვითმფრინავის მიმართ, რომელსაც ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოჯახის წევრები და მაღალჩინოსნები იყენებდნენ.
დეპარტამენტმა ასევე გასცა ლიცენზია, რომელიც ლუკაშენკოს მთავრობასთან დაკავშირებულ კომპანია „სლავკალს“ გარკვეულ ოპერაციებზე რთავს ნებართვას.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავებიდან, რომლებზეც ლიცენზია ვრცელდება, ერთ-ერთია Boeing 737, რომელიც ეკუთვნის ბელარუსის მთავრობას და გამოიყენებოდა როგორც საპრეზიდენტო თვითმფრინავი. ასევეა „სლავკალის“ საკუთრებაში არსებული ვერტმფრენი, რომელიც ლუკაშენკოს გარეუბანში მდებარე რეზიდენციიდან მინსკში გადასაყვანად გამოიყენებოდა.
„როიტერი“ წერს, რომ აშშ-მა სანქციები ბელარუსის მიერ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ შეამსუბუქა.