„როიტერი“ – აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები იკვლევენ, დაეხმარა თუ არა რუსეთი ირანს სპარსეთის ყურის რეგიონში, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ობიექტებზე დრონებით შეტევაში

13:24, 23.07.2026

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები იკვლევენ, დაეხმარა თუ არა რუსეთი ირანს სპარსეთის ყურის რეგიონში მდებარე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ობიექტებზე დრონებით შეტევების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების თქმით, ამერიკულ დაზვერვას რუსეთის შესაძლო მონაწილეობის შესახებ ჯერ საბოლოო დასკვნა არ გამოუტანია, თუმცა ეჭვს აძლიერებს რამდენიმე გარემოება – შეტევების მაღალი სიზუსტე და ეფექტიანობა, ასევე, ის ფაქტი, რომ რუსეთი ირანს სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს.

მანამდე „როიტერი“ და სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებები წერდნენ, ასევე, ამერიკელი ოფიციალური პირებიც ადასტურებდნენ, რომ რუსეთი ირანს გადასცემდა სამიზნეების შესახებ გარკვეულ სადაზვერვო ინფორმაციას და სხვა სახის დახმარებასაც უწევდა რეგიონში ამერიკულ ობიექტებზე თავდასხმების დროს. მედიის ცნობით, მარტში თავდასხმა განხორციელდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, სულ მცირე, ორ ობიექტზე. ერთი მათგანი საუდის არაბეთში მდებარეობდა, მეორე კი – ერაყის აღმოსავლეთ ნაწილში.

ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, შეტევა სხვა ობიექტებზეც განხორციელდა, თუმცა მათი ადგილმდებარეობა არ დაუსახელებიათ. ორმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ დაზვერვის ანალიტიკოსების შეფასებით, საუდის არაბეთში მდებარე ობიექტზე თავდასხმისას გამოყენებული იყო ირანული „შაჰედის“ ორი ისეთი მოდიფიცირებული ვერსია, რომელიც რუსეთმა გააუმჯობესა. მათი თქმით, რუსეთი ირანს დაეხმარა „შაჰედის“ ტიპის დრონების შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, რათა მათ სამიზნემდე უფრო ზუსტად მიეღწიათ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს მოდიფიცირებული ვერსიები გამოიყენეს ერ-რიადზე დარტყმის დროს.

მსგავსი