„როიტერი“ - აშშ ეტაპობრივად შეამცირებს რუსეთის საზღვართან მდებარე ევროპული ქვეყნებისთვის უსაფრთხოების დახმარების ზოგიერთ პროგრამას
აშშ ეტაპობრივად შეამცირებს რუსეთის საზღვართან მდებარე ევროპული ქვეყნებისთვის უსაფრთხოების დახმარების ზოგიერთ პროგრამას, – ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, მათ შორის არიან ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა.
„როიტერის“ ცნობით, ეს გეგმა უკავშირდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც მისმა ადმინისტრაციამ მკვეთრად შეამცირა უცხო ქვეყნებისთვის დახმარება და ევროპის ქვეყნებს საკუთარი სამხედრო ხარჯების დაფინანსებისკენ მოუწოდებს.
„პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველივე დღეს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას. ეს ქმედება კოორდინირებული იყო ევროპულ ქვეყნებთან, რათა ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავდაცვაზე“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.